22 ივნისი 2016
ძვირფასო ინვესტორებო და აქციონერებო,
გამოქვეყნდა 2015 წლის აუდიტის დასკვნა და მინდა წარმოგიდგინოთ 2015 წლის მენეჯმენტის შეფასება და სამომავლო განვითარების ხედვა.
მოგახსენებთ, რომ 2015 წელი ქართულმა კრედიტმა განსაკუთრებით მაღალი ლიკვიდურობით დაიწყო, რაც 2014-2015 წლების მიჯნაზე საერთაშორისო მიკროსაფინანსო ფონდებიდან მოზიდულმა სახსრებმა განაპირობა. თებერვლიდან იწყება ფილიალების ქსელის აქტიური გაფართოება და აგვისტომდე იხსნება 8 ახალი ფილიალი საქართველოს მასშტაბით. ამავე წელს ქართული კრედიტი იძენს ერთ ფილიალს სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციისგან.
ახლადგახსნილი ფილიალების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უმოკლეს ვადაში - წლის ბოლომდე - გადალახა არა რენტაბელობის ზღვარი და რამდენიმე მათგანმა კარგი მოგებაც ანახა. ახალი ფილიალების გახსნით ქართულმა კრედიტმა არსებითად შეცვალა სტრატეგიული ვექტორი ურბანული დაკრედიტებიდან აგრო დაკრედიტების მიმართულებით. აქედან გამომდინარე 2015 წელი შეიძლება შეფასდეს როგორც ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული წელი საოპერაციო კუთხით. ლარის დევალვაცია და მასშტაბური ინვესტიციები ფილიალების ინფრასტრუქტურაში ის ძირითადი ფაქტორებია, რამაც ნეგატიურად იმოქმედა წლის ფინანსურ მაჩვენებლებზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღეისათვის ფილიალების ქსელი დატვირთულია მხოლოდ 60%-ით, რაც მისი ზრდის დიდ პოტენციალზე მეტყველებს.
2015 წლის მეორე ნახევარში კომპანიის დღის წესრიგში დადგა კაპიტალის ადეკვატურობის საკითხი, რაც დღემდე არ კარგავს თავის აქტუალურობას. შესაბამისი ლევერიჯის დაცვა და შენარჩუნება არის აუცილებელი წინაპირობა საერთაშორისო მიკროსაფინანსო ფონდებიდან სესხების მოზიდვისთვის. 2015 წლის ბოლოს და განსაკუთრებით კი 2016 წლის აპრილში განხორციელებულმა კაპიტალის ზრდამ გააუმჯობესა ლევერიჯი, რაც უზრუნველყოფს ახალი ინსტიტუციონალური რესურსის მოზიდვას. მიუხედავად ამისა, კაპიტალის ზრდა კვლავ აქტუალური იქნება 2016 წლის მეორე ნახევარში, რადგან კომპანიის ორგანული ზრდა და შესაბამისი მოზიდული სახსრები ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებას.
და ბოლოს, 2015 წელი რთული აღმოჩნდა ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის და რეგიონისთვის. მიუხედავად ასეთი მძიმე ფონისა, ქართულმა კრედიტმა შეძლო გაეორმაგებინა ფილიალების ქსელი, შეეცვალა საბაზრო პოზიციონირება და გაეზარდა სასესხო პორტფელი 70%-ით. საოპერაციო კუთხით მომგებიანი 2015 წლის მე-4 კვარტალი, განსაკუთრებით პოზიტიური 2016 წლის დასაწყისი და ასევე დამატებითი ინსტიტუციონალური ფულის შემოდინება ფინანსურად წარმატებულ 2016 წელს გვიქადის.
გიორგი ნასყიდაშვილი
აღმასრულებელი დირექტორი
<< უკან